რევოლვერი QSPR სპეციალურად „გვირაბის ვირთხებისთვის“

ცეცხლასაროლი იარაღი რომლის შესახებაც ამ სტატიაში მინდა გიამბოთ, ალბათ არის ყველაზე გამორჩეული და უნიკალური, რადგანაც სპეციალურად კონკრეტული ვიწრო პროფილის მებრძოლებისათვის შეიქმნა და ალბათ იგი არის ერთდერთი იარაღი, რომელიც კონკრეტულად ამ დავალებების შესაასრულებლად შექმნეს.
ყველასათვის ცნობილია, რომ ვიეტნამის მეომრების ერთერთ ყველაზე ძლიერ მხარეს წარმოადგენდა კილომეტრობით გადაჭიმული მიწისქვეშა გვირაბები და მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც რამოდენიმე დონეებისგან (სართულებისგან) შედგებოდა და გააჩნდა ერთმანეთთან დაკავშირებული ვიწრო გვირაბები.  1966 წელს აშშ-ს 25-ე ქვეითთა დივიზიის ბაზაზე შიექმნა დანაყოფი სახელწოდებით „გვირაბის ვირთხები“ (Tunnel Rats), რომელთაც უნდა განეხორციელებინათ ჩრდილოეთ ვიეტნამის ომის დროს ტყეებში არსებული გვირაბების წმენდა. მსგავსი დანაყოფები და შემადგენლობები ჩამოყალიბდა აგრეთვე აშშ-ს ყველა დივიზიაში, რომელიც სამხრეთ ვიეტნამში იბრძოდა. გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა მსგავსი დანაყოფები შეიქმნა ახალი ზელანდის და ავსტრალიის დივიზიებშიც. 


„გვირაბის ვირთხები“ ძირითადად დაკომპლექტებული იყო დაბალი სიმაღლის მქონე მოხალისეებისაგან რომლებიც იყვნენ გამხდრები და გააჩნდათ მყარი ფსიქიკა. დანაყოფის ძირითადი დანიშნულება იყო:
·         მოწინააღმდეგე მხარის გვირაბების აღმოჩენა და მათში შეღწევა;
·         გვირაბებში მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოძიება;
·         გვირაბების განადგურება სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობებით. 



მოწინააღმდეგე მხარე ცდილობდა გვირაბებში გაეკეთებინათ სპეციალური ხაფანგები, რომლებიც ვიწრო მონაკვეთებში და ჩიხებში იყო განთავსებული. რიგ შემთხვევებში მებრძოლი პარტიზანები გვირაბის დერეფანში უშვებდნენ დიდი რაოდენობით შხამიან გველებს და მორიელებს, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენდა მებრძოლთათვის.


მიწისქვეშეთში მებრძოლი დანაყოფები ძირითადად აღჭურვილნი იყვნენ აირწინაღებით, ფანრებით და პორტატული რადიოსადგურებით, ხოლო შეიარაღებაში გააჩნდათ კოლტის 1911 წლის მოდელი. ვინაიდან კოლტი იყო თვითდამტენი პისტოლეტი, ხშირ შემთხვევაში მასში ჩაყრილი მიწა და ტალახი იწვევდა იარაღის შეფერხებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გვირაბის ვირთხები შეეიარაღებინათ უფრო საიმედო რევოლვერებით და ყველაფერთან ერთად რევოლვერი უნდა ყოფილიყო ჩუმი (უხმო) სროლის მოწყობილობით (მაყუჩით) აღჭურვილი, რადგანაც ვიწრო დახურულ სივრცეში, როგორსაც წარმოადგენდა მიწისქვეშა გვირაბების დერაფანი, გასროლის ხმა ზედმეტად მაღალი იყო და წარმოადგენდა დამატებით დისკომფორტს მსროლელისათვის, გარდა ამისა იპყრობდა მოწინააღმდეგის ყურადღებას. მნიშვნელოვან მოთხოვნას წარმოადგენდა აგრეთვე იარაღის გაბარიტებიც, რომელიც ვიწრო სივრცეში კრიტიკულ როლს თამაშობდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ძირითადი მოთხოვნები:
·    იარაღი უნდა ყოფილიყო უხმო(ჩუმი)- რათა გასროლა არ გაეგო მოწინააღმდეგეს და დისკომფორტი არ ჰქონოდა მსროლელს;
·    უნდა ყოფილიყო საიმედო და მედგარი დაბინძურების წინააღმდეგ- რათა ნორმალურად ემუშავა გვირაბის მტვრიან, ქვიშიან და ტალახიან გარემოში;
·    უნდა ჰქონოდა მცირე გაბარიტები - რათა ვიწრო ადგილებში ყოფილიყო იოლად გამოსაყენებელი;
·    მზად უნდა ყოფილიყო მყისიერად გამოყენებისათვის (ანუ არ უნდა დასჭირვებოდა წინასწარი შემართვა);
·    უნდა ჰქონოდა საიმედო შემაჩერებელი და დამაზიანებელი ენერგია- რადგანაც ხშირად მებრძოლები პირისპირ აწყდებოდნენ მოწინააღმდეგე პარტიზანებს და საჭირო იყო ერთი გასროლით მათი გარანტირებული მწყობრიდან გამოყვანა (შეჩერება).

რიგი მებრძოლები შეიარაღდნენ სმიტ და ვესონის რევოლვერებით მოდელი 10, რომელსაც უყენებდნენ მაყუჩს, მაგრამ იგი ისედაც გრძელი მოდელი იყო და მაყუჩი კიდევ უფრო ზრდიდა მის საერთო სიგრძეს, რაც არაპრაქტიკულს ხდიდა ვიწრო გვირაბებში გამოყენებას. ზოგი კი იყენებდა წრიული აალების .22 LR ვაზნაზე გათვლილ თვითდამტენ პისტოლეტებს Hi-Standard Model HD და Ruger .22 MK1, მაგრამ სუსტი ვაზნის გამო არც აღნიშნულმა პისტოლეტებმა დაიმსახურეს მოწონება „გვირაბის ვირთხებს“  შორის.


ახალ სპეციალურ იარაღზე მუშაობა, რომელიც „გვირაბის ვირთხებისათვის“ უნდა ყოფილიყო დაწყებულ იქნა აბერდინის პოლიგონზე მდებარე ლაბორატორიაში (US Army Land Warfare Laboratory at Aberdeen Proving Ground). პროექტში მონაწილეობას იღებდა აგრეთვე კორპორაცია AAI (Aircraft Armaments INC), რომელმაც შეიმუშავა მთავარი კომპონენტი იარაღისათვის, ანუ სპეციალური უხმო ვაზნა. იარაღის კონსტრუქტორები შეეცადნენ არ გამოეგონებინათ ველოსიპედი და საფუძვლად აეღოთ, უკვე არსებული რომელიმე რევოლვერი. საბოლოო არჩევანი შეჩერდა რევოლვერზე Smith & Wesson Mod. 29.  შესაბამისად ამ მოდელის რევოლვერის ჩარჩოს ბაზაზე კონსტრუირებულ იქნა ახალი სპეციალური რევოლვერი, რომელიც დამზადდა 1967 წელს და  მიენიჭა სახელწოდება QSPR - Quiet Special Purpose Revolver (სპეციალური დანიშნულების უხმო რევოლვერი), არაოფიციალურად კი მას მოიხსენიებდნენ როგორც Smith & Wesson Model 29 "Tunnel Gun".


რევოლვერის კონსტრუქცია
 
რევოლვერი აღჭურვილია ორმაგი მოქმედების (DA) დამრტყმელ-გამშვები მექანიზმით, რომელსაც აქვს ღია ჩახმახი. სავაზნე დოლურა იხსნება მარცხნივ და მასში თავსდება 6 ცალი ვაზნა. რევოლვერის თავდაპირველი ლულა გათვლილი იყო .44 მაგნუმის ვაზნაზე და იგი შეცვალეს ძალიან მოკლე (35მმ-ანი) გლუვი ლულით, რომლის არხიც (კალიბრი) იყო 10მმ-ანი. შესაბამისად დოლურას სავაზნეები გადაჩარხულ იქნა სპეციალურ ვაზნაზე. 



სავაზნეების გადაჩარხვისას გათხელდა დოლურას კედლები, მაგრამ ვაზნის მასრას გააჩნდა სქელი ფოლადის კედლები და შესაბამისად წნევა ნაკლებად ზემოქმედებდა დოლურაზე. 



რევოლვერს არ გააჩნდა არანაირი სამიზნე მოყობილობა, რადგანაც განკუთვნილი იყო ძალზედ მოკლე დისტანციაზე გამოსაყენებლად. რევოლვერის ტარება ხორციელდებოდა სპეციალურად მისთვის შექმნილ მხარს ქვემოთ დასამაგრებელი ბუდით (კაბურით), რომელსაც გააჩნდა სპეციალური სამკერდე ჯიბე ვაზნების მოსათავსებლად.


1969 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 10 ცალი რევოლვერი QSPR დაკომპლექტებული მისი ვაზნებით მიწოდებულ იქნა ვიეტნამში, რომლებიც ცალობით განაწილდა სპეცდანიშნულების დანაყოფში  US Army Rangers და საზღვაო ქვეითებში. აღნიშნულ დანაყოფებში რევოლვერმა გაიარა ცდები საბრძოლო პირობებში, რომელთა უმეტესობა გამოყენებულ იქნა ამერიკელების მიერ მოწყობილ ჩასაფრებებში და არა მიწისქვეშა გვირაბებში. ძირითადად ცეცხლის გახსნა რევოლვერიდან წარმოებდა 10 მეტრ დისტანციამდე, რათა მომხდარიყო მოწინააღმდეგე მებრძოლის საიმედო დაზიანება პირველივე გასროლით. ზოგადად მეომრები კმაყოფილი დარჩნენ რევოლვერით და კარგი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა სამთვიანი გამოცდილების შედეგად 1970-1971 წლებში უმნიშვნელოდა გადამუშავდა რევოლვერი და მისი ვანები.
რამდენადაც ცნობილია რევოლვერის გადამუშავების პროგრამა ძალიან მალე დარსულდა, რადგანაც 1972 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ჯარების გამოყვანა ვიეტნამიდან. მას შემდეგ რევოლვერი QSPR აღარ გამოჩენილა არცერთ საბრძოლო ასპარეზზე.  


ვაზნა და მისი მახასიათებლები


ალბათ ყველაზე საინტერესო დეტალს წარმოადგენს რევოლვერისათვის შექმნილი სპეციალური უხმო (ჩუმი) ვაზნა, რომელიც ასრულებდა დენთის აირების გადაკეტვას სქელკედლიან ფოლადის მყარ მასრაში.  მასრის ფსკერზე ხრახნების მეშვეობით დამაგრებული იყო სპეციალური ცილინდრული დეტალი, რომელშიც ჩაპრესილი იყო კაფსულ-მაალებელი და შუალედური საცემი. რევოლვერის ჩახმახი ურტყავდა მასრის ფსკერზე ჩამაგრებულ შუალედურ საცემს, ხოლო საცემი იწვევდა კაფსულის აალებას. აღნიშნული სქემა უზრუნველყოფდა იმას, რომ გასროლის დროს წარმოქმნილ წნევას არ ამოეგდო მასრის ბუდედან კაფსულ-მაალებელი. (იმისათვის რომ ვაზნის წარმოება გამარტივებულიყო მოგვიანებით გამოშვებულ ვაზნებში შუალედური საცემი აღარ გამოიყენებოდა).
ადრეული ვაზნის სქემა შუალედური საცემით
დენთის მუხტი განთავსებული იყო კაფსულ-მაალებელსა და სპეციალურ ფოლადის დგუშს შორის. გასროლის დროს დგუში უბიძგებდა ტყვიას (ამ შემთხვევაში ტყვიის მაგივრად გამოიყენებოდა წვრილი ზომის ფინთიხი (კარტეჩი), რომელიც მოთავსებული იყო პლასტმასის კონტეინერში, ფინთიხი გაიტყორცნებოდა მასრიდან დგუშის მეშვეობით, ხოლო დგუში ჩაიკეტებოდა მასრის ყელში სპეციალურად გაკეთებულ ხრახნებში. შესაბამისად დნთის აირები რჩებოდა ფოლადის მასრაში და არ გამოდიოდა ლულიდან, რაც იწვევდა ჩუმ გასროლას.

მოგვიანებით გამოშვებული ვაზნის სქემა
ვაზნა დამუხტული იყო 15 ცალი ვოლფრამ-ფოლადის შენადნობის მცირე ზომის ფინთიხით (კარტეჩთ), რომელთა მასაც შეადგენდა თითო ბურთულის შემთხვევაში 0,5 გრამს. ფინთიხის საწყისი სიჩქარე იყო 220 მ/წამი, ხოლო ლულიდან გამოსვლისას მისი მთლიანი ენერგია შეადგენდა დაახლოებით 185 ჯოულს. ხმის სიმაღლე 1 მეტრ დისტანციაზე იყო 110 დეციბელამდე. ექსპეტების თქმით გასროლის ხმა ზუსტად იდენტური იყო ხმისა, რომელიც წარმოიქმნებოდა წრიული აალების .22 LR ვაზნაზე გათვლილი მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლისას. რეკომენდირებული იყო რევოლვერის გამოყენება 10 მეტრ დისტანციამდე სასროლად.
კორპორაცია AAI -ში შეიქმნა აგრეთვე უხმო (ჩუმი) ვაზნა 12 კალიბრიანი გლუვლულიანი თოფისათვის და წყალქვეშა პისტოლეტისათვის, რომელიც კონსტრუქტორმა Irwin R. Barr-მა შექმნა.



დღეისათვის არ არსებობს ზუსტი მონაცემები თუ რა რაოდენობით დამზადდა რევოლვერი. რიგ წყაროებში დასახელებულია ციფრები 25, 50, 100 და 250 ცალი. არ არსებობს აგრეთვე არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ გამოიყენებოდა თუ არა რევოლვერი ვიეტნამის ომის შემდეგ. ერთი პერიოდი ამერიკელი იარაღის მოყვარულები ყიდულობდნენ სმიტ და ვესონის 29-ე მოდელს და ამზადებდნენ QSPR-ის რეპლიკებს.

No comments:

Post a Comment